„პირველად ხდება ეს პრეცედენტი“ - რომელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან მიიღებს მთავრობა სესხს ლარში
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ განიხილეს.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამის“ პირველი ეტაპისთვის (რაც გულისხმობს ქვეპროგრამა 1-ის აღსრულებას) 42 416 000 ევროს ოდენობით ფინანსური რესურსი გამოიყო.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის აზიის განვითარების ბანკი მზადაა დააფინანსოს აღნიშნული პროგრამის მეორე ქვეპროგრამა. ამისათვის, სესხის სახით 68 198 000 ლარი გამოიყოფა.
„პირველი ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან ლარში მივიღებთ სესხს. ეს პრეცედენტი პირველად ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
როგორც კომიტეტზე აღინშნა, პირველი ქვეპროგრამის მსგავსად, ქვეპროგრამა 2-ის ძირითადი მიზანია პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერა.